lauantai 11. elokuuta 2007

მღვდელი გიორგი სხილაძე

ამონარიდები მღვდ. გ. სხილაძის ქადაგებებიდან: ნარკვევიდან ,,საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ..), პარიზი, 2004წ.:

„დაბოლოს, ვერა და ვერ ვუვლით გვერდს საკითხს, რომელიც როგორც შემოდგომის სიო, სულში ცრემლთა ტბას გვიმღვრევს და სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიბრალულის ნარევის განცდით, ერთდროულად ორივე მცნების აღსასრულებლად აღგვძრავს: ,,არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“ და ,,ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა!“. მოვიყვანთ ნაწყვეტს ერთი საუბრიდან: ,,50-იანი წლები იდგა. თეატრალური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი გახლდით. იმხანად ძალიან გამიტაცა რელიგიამ. გადავწყვიტე, თეატრალური დამეტოვებინა და სასულიერო სემინარიაში წავსულიყავი. მაშინ ასეთი სასწავლებელი მხოლოდ სვეტიცხოველში იყო (...). აგვისტოში იწყებოდა მისაღები გამოცდები. მიმღებ კომისიაში სულ მამები ისხდნენ, მხოლოდ ერთი იყო სამოქალაქო ფორმით. მეცნო, ისიც დაჟინებით მიყურებდა. მიღება თითქმის მთავრდებოდა, მე კი არ მიძახებდნენ. მერე ის კაცი მოვიდა ჩემთან და მკითხა _ შენ თეატრალურიდან არა ხარ? მე „კაგებე-დან“* ვარ. იცი, აქ რატომ ვარ, ნუგზარ? თუ ვინმე მოაზროვნე და ჭკვიანი კაცი მოვა, არ უნდა მივაღებინო სემინარიაშიო“ (ნ. ჯუღელი, ,,კვირ. პალიტრა“, 28. 04. 03; იგივე დაადასტურა მან ჩვენთან პირად საუბარში). ამასთან მიმართებაში სიტყვასიტყვით მოგვყავს 1995წ. შემდგარი საქ. საეკლესიო კრების ხმოვანი ჩანაწერიდან პატრიარქ ილია მეორეს გამოსვლის ნაწყვეტი: ,,მე მინდა შევეხო ერთ, ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელსაც, ასევე, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება. გუშინ**, მსჯელობის დროს, კამა... კამათ... კი არა, მსჯელობის დროს ითქვა***, რომ არის შემთხვევები, როცა პრესაში იბეჭდება ამა თუ იმ პირზე, ამა თუ იმ ადამიანებზე იმის შესახებ, თითქოს ეს პირი იყო თანამშრომელი უშიშროებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება არის უნიკალური ხელისუფლება; იყო, მადლობა ღმერთს, რომ იყო და აღარ არის. და თქვენ კარგად იცით, რომ ყოველ ადამიანზე, რომელსაც ოდნავ მაინც რაღაც თანამდებობის... თანამდებობა ეკავა, აუცილებლად შედგენილი იყო პირადი საქმე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ პიროვნებას, ასევე, არქმევდნენ ,,ფსევდონიმს“. იყო შემთხვევა, როცა უკავშირდებოდნენ იმას და ეუბნებოდნენ, რომ აი, შენზე გვაქვს ჩვენ ეს პირადი საქმე; იყო შემთხვევა, როცა ამას არც კი ეუბნებოდნენ და თითქმის ყველა თანამდებობის პირზე, განსაკუთრებით ჩვენს მეცნიერებზე, სახელმწიფო პირებზე, სასულიერო პირებზე იყო შედგენილი ასეთი პირადი საქმე...“ (დასკვნის გამოტანა გონიერი მკითხველისთვის მიგვინდია).
  1. ლინკი: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11550

  2. ლინკი: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11471

Ei kommentteja: