sunnuntai 9. syyskuuta 2007

ინტერვიუ მღვდელ ზურაბ აროშვილთან

კითხვა: ძვირფასო მამაო ზურაბ, გთხოვთ, წარუდგინოთ თქვენი თავი „დიდგორის“ მკითხველს, როდის მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს საპატრიარქოდან, და დაახასიათოთ ის ზოგადი ვითარება, რატომ და რის გამო განუდექით საქართველოს საპატრიარქოს? ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ, ის მღვდელმთავარი, ვის იურისდიაქციაშიც იმყოფებით თქვენ დღეს; განგვიმარტეთ თუ შეიძლება, სჯულის რა კანონის საფუძველზე მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს პატრიარქ ილია მეორესგან და ასევე რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

პასუხი: 1997 წელს საქართველოს ბერ-მონაზვნობის ერთმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება ეკუმენისტური მწვალებლობის გამო გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი პატრიარქ ილია II-სთან. ეს მონასტრები იყო: შიო-მღვიმის, ბეთანიის, დავით-გარეჯის, ზარზმის და ქვათახევის; მათ შეუერთდა საერო პირთა ერთი ნაწილი, მათ შორის ჩვენც - მე და ჩემი ძმა (ამჟამად მღვ. გელასი აროშვილი).
საუბრები, კამათები და ხშირად მწვავე დაპირისპირებები ამ თემაზე დაიწყო დიდი ხნის წინ. დაახლოებით 80-იანი წლების შუა პერიოდში. ამ მოძრაობის კერა ბეთანიის მონასტერი იყო, სადაც იმ პერიოდში მ. იოანე (შეყლაშვილი) და მ. ლაზარე (აბაშიძე) მოღვაწეობდენ. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 1983 წელს ილია II-ემ სიონში აზიარა იეზუიტი მღვდლები, რასაც მოჰყვა მ. იოანეს მხრიდან მხილება, ხოლო მხილების შემდგომ დაიწყო უკვე დაპირისპირება ჩვენი სარწმუნებისათვის ფრიად მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხს, მოძღვრებას თუ იდეოლოგიას (როგორც ჩვენ გვინდა, ისე შეგვიძლია ვუწოდოთ) ჰქვია – ეკუმენიზმი!

1983 წლის მოვლენებს დაერთო 1986 წელს საქართველოს ეკლესიის ოფიც. დელეგაციის ჩასვლა რომში – მიტრ. კონსტანტინესი და მღვდელი დავით დათუაშვილისა ქალაქ ასიზში გამართული პან-ეკუმენისტურ ლოცვაზე, სადაც ყველა რელიგიისა და სატანისტების წარმომადგენლებიც კი ღებულობდნენ მონაწილეობას და კურთხევაც მიიღეს პაპისგან და ამის ნიშნად ხელზე ეამბორენ მას. შემდგომ 1988 წელს ილია II- მ იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში, სადაც მრავალი კათოლიკედ წოდებული და მონოფიზიტი აზიარა და იქადაგა შემდეგი: „სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ... ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).

იხ. სრული ინტერვიუ: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11543