sunnuntai 9. syyskuuta 2007

ინტერვიუ მღვდელ ზურაბ აროშვილთან

კითხვა: ძვირფასო მამაო ზურაბ, გთხოვთ, წარუდგინოთ თქვენი თავი „დიდგორის“ მკითხველს, როდის მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს საპატრიარქოდან, და დაახასიათოთ ის ზოგადი ვითარება, რატომ და რის გამო განუდექით საქართველოს საპატრიარქოს? ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ, ის მღვდელმთავარი, ვის იურისდიაქციაშიც იმყოფებით თქვენ დღეს; განგვიმარტეთ თუ შეიძლება, სჯულის რა კანონის საფუძველზე მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს პატრიარქ ილია მეორესგან და ასევე რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

პასუხი: 1997 წელს საქართველოს ბერ-მონაზვნობის ერთმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება ეკუმენისტური მწვალებლობის გამო გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი პატრიარქ ილია II-სთან. ეს მონასტრები იყო: შიო-მღვიმის, ბეთანიის, დავით-გარეჯის, ზარზმის და ქვათახევის; მათ შეუერთდა საერო პირთა ერთი ნაწილი, მათ შორის ჩვენც - მე და ჩემი ძმა (ამჟამად მღვ. გელასი აროშვილი).
საუბრები, კამათები და ხშირად მწვავე დაპირისპირებები ამ თემაზე დაიწყო დიდი ხნის წინ. დაახლოებით 80-იანი წლების შუა პერიოდში. ამ მოძრაობის კერა ბეთანიის მონასტერი იყო, სადაც იმ პერიოდში მ. იოანე (შეყლაშვილი) და მ. ლაზარე (აბაშიძე) მოღვაწეობდენ. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 1983 წელს ილია II-ემ სიონში აზიარა იეზუიტი მღვდლები, რასაც მოჰყვა მ. იოანეს მხრიდან მხილება, ხოლო მხილების შემდგომ დაიწყო უკვე დაპირისპირება ჩვენი სარწმუნებისათვის ფრიად მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხს, მოძღვრებას თუ იდეოლოგიას (როგორც ჩვენ გვინდა, ისე შეგვიძლია ვუწოდოთ) ჰქვია – ეკუმენიზმი!

1983 წლის მოვლენებს დაერთო 1986 წელს საქართველოს ეკლესიის ოფიც. დელეგაციის ჩასვლა რომში – მიტრ. კონსტანტინესი და მღვდელი დავით დათუაშვილისა ქალაქ ასიზში გამართული პან-ეკუმენისტურ ლოცვაზე, სადაც ყველა რელიგიისა და სატანისტების წარმომადგენლებიც კი ღებულობდნენ მონაწილეობას და კურთხევაც მიიღეს პაპისგან და ამის ნიშნად ხელზე ეამბორენ მას. შემდგომ 1988 წელს ილია II- მ იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში, სადაც მრავალი კათოლიკედ წოდებული და მონოფიზიტი აზიარა და იქადაგა შემდეგი: „სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ... ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).

იხ. სრული ინტერვიუ: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11543

lauantai 8. syyskuuta 2007

გლდანის ეკლესიის სატანური დარბევა

მოგმართავთ გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრავალტანჯული მრევლის სახელით დარბეული ეკლესიიდან და იმას, რა უბედურებაც ჩვენს ეპარქიაში 2004 წლის 12 მარტს, გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ალბათ კაცობრიობის ისტორიაში პრეცენდენტი არ გააჩნია. ალყა შემოარტყეს ეკლესიას, ფარებითა და ჩაფხუტებით აღჭურვილი ჟანდარმერიის ჯარებით და კბილებამდე შეიარაღებული შავნიღბიანი სპეც. დანიშნულების ბატალიონებით; გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა - სამხედრო მანქანები. ამ მანქანებით გადმოთელეს ტაძრის ღობეები და პირდაპირ მრევლზე გამოეშურნენ გადასათელად, მათ უკან ფარებითა და ჩაფხუტებით გამოჰყვნენ ჯარისკაცთა რიგები. ასევე ტაძრის სხვადასხვა კუთხიდან შემოიჭრნენ შავნიღბოსანთა ბატალიონები. დაიწყო მრევლის სასტიკი დარბევა. ისინი თავიანთ გზაზე არ ინდობდნენ არავის. არც ქალებს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს, მაგრამ მამაცმა ქრისტიანმა, დიდებულმა კრებულმა, სამჯერ თავგანწირვით მოიგერია მტარვალთა შემოტევა, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებულ ჯარებთან ვერას გახდა.

მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარებისაკენ დაიხია და მკერდი მიუშვირეს სიკვდილს უფლისათვის და მისთვის თავდადებულ მოძღვართათვის, რომელთაგან მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარებს იცავდა. ტაძრის კარებთან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. მიაყენეს სამხედრო მანქანები და მათით დაიწყეს წმიდა ეკლესიის შენგრევა. ასევე გამოიყენეს შესადუღებელი აპარატი და მისით ცდილობდნენ ცენტრალური კარების გაჭრას. ბოლოს, როგორც იქნა მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითი კარები. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, ხოლო შავნიღბოსანთა ბატალიონი შეიჭრა ტაძარში. მიმდინარეობდა ხალხის არნახული რბევა.

მამა ბასილი ეკლესიაში შეჭრილ ეშმაკთა ლეგიონს ამბიონზე მთავარანგელოზ მიქაელის ხატით გულში ჩახუტებული დახვდა. ნიღბოსნებმა იგი ცემით დაბლა დასცეს და წიხლებით გაათრიეს გარეთ, შემდეგ კი ცემითვე მანქანაში შეიყვანეს და გაიტაცეს. ასევე მამა გაბრიელი, რომელიც წმიდა საკურთხეველში ტრაპეზთან იდგა და ლოცულობდა, ცემით წააქციეს და ისიც პატიმრობაში აიყვანეს. საჯარისო ნაწილებით ეკლესიის შტურმით აღების ოპერაციას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, გენ. პროკურორთან და უშიშროების მინისტრთან ერთად. ისინი მოქმედებდნენ საქართველოს დღევანდელი ჯალათი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო მითითებით და მეთვალყურეობით. უსჯულო ჟანდარმერიის ნაწილებმა დარბეული და იავარქმნილი ეკლესია მართლმადიდებელ ქრისტიანთა მწარე გოდების, ტროპართა და საუფლო ლოცვის „მამაო ჩვენო“-ს ცადაწვდენილი მწუხარე ღაღადების ფონზე დატოვეს. ამჟამად, მამა ბასილი ორთაჭალის ციხეში, მე-5 იზოლატორში იმყოფება, ხოლო მამა გაბრიელი და მრევლის ცხრა წარმომადგენელი, მამა ბასილის თავგანწირულად დამცველი მამაკაცები პოლიციის მთავარ სამმართველოში ჰყავთ მიყვანილი. მთელმა საქართველომ ბოლო დღეებში დიდი სასწაულის შესახებ შეიტყო. გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისშობლის ეკლესიაში წმიდა ხატთა დიდი დღესასწაულის დღეს - მართლმადიდებლობის ზეიმზე ანალოგიაზე დაშვენებულ მაცხოვრის ხატს მთელი ლითურგიის განმავლობაში თვალთაგან სდიოდა ცრემლები, ისე რომ დაბლა დადებული თასი ივსებოდა სურნელოვანი ღვთაებრივი სითხით. აი, თურმე რატომ ტიროდა მაცხოვარი. რამდენიმე დღეში შემზარავი დანაშაული უნდა განხორციელებულიყო და ეს უნდა ჩაედინა ანტიმიქაელად საქართველოში მოვლენილ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მალე ღვთის ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი ცოდვის გამო უმკაცრესად დაისჯება ღმერთისაგან. დღეიდან იწყება გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლის სრული მობილიზება და წმიდა აღთქმის ბოლომდე აღსრულება - „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.

ლინკი: იხილეთ ჯალალედინის მემკვიდრეების მხეცობის ამსახველი ვიდეო-რგოლები „დიდგორის“ ვიდეო-პორტალზე

perjantai 7. syyskuuta 2007

ინტერვიუ მამა იაკობთან (სამაკაშვილი)

კითხვა: ძვირფასო მამა იაკობ, გთხოვთ, დაასახელოთ ის საეკლესიო იურისდიქცია, სადაც ამჟამად იმყოფებით მღვდელმსახურად; ასევე, თუ შეიძლება, განუმარტეთ „დიდგორის“ მკითხველს, როდის განუდექით საქართველოს საპატრიარქოს და რა კანონიკური მიზეზით დატოვეთ მისი იურისდიქცია?

პასუხი: 2005 წლის ნოემბრიდან გადავედი საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში (მიტროპოლიტ ვიტალის იურისდიქცია). ამჟამად, შეძლებისდაგავარად, ვემსახურები ყველა იმ მორწმუნე მრევლს, განურჩევლად ეროვნებისა, რომლიც საჭიროებს კანონიერ მღვდელმსახურს. საქართველოს საპატრიარქოს არც განვდგომილვარ და არც ვაპირებ განდგომას ღვთის შეწევნით. მე განვუდექი საქართველოს საპატრიარქოს მმართველი მამათმავლების, ერეტიკოსების, მორწმუნე ხალხის სულიერი და ფიზიკური მკვლელების ბრიგადას და ამავე მიზეზით დავტოვე მათი ეკლესია.


კითხვა: ხშირად ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ ერის ხალხს უფლება არა აქვს, ამხილოს ერესში პატრიარქი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი და მღვდლები; რომ ღმერთი განსჯის მათ ცოდვებს და ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მორჩილებაში და დავხუჭოთ თვალი მათ ყველა ცოდვებზე. გთხოვთ, განგვიმარტოთ, არის თუ არა ღვთის კანონმდებლობის თანახმად სწორი ასეთი მიდგომა?

პასუხი: ყოველი შვილი ეკლესიისა – მწყემსიც და არა მწყემსიც – ვალდებულია დაიცვას სარწმუნოება და მიაღწიოს სიწმიდეს, ორგზისი კრების 15 კანონი პირდაპირ ავალდებულებს ამას ეკლესიის ყველა წევრს; წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილიც ამას ასწავლის მრევლს: „თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რაიმეს ქადაგებს, რაც კანონების ზღვარს სცილდება, ცხვრის ქურქში გადაცმულ მგლად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს“. ქრისტიანები, როცა ამტკიცებენ, რომ ერეტიკოსი პატრიარქის, მიტროპოლიტის, ეპისკოპოსის ან სამღვდელოების მხილება არ შეიძლება, ეს ან არცოდნის ბრალია ან თვითონ არიან ერეტიკოსები და განგებ ლაპარაკობენ ასე; შეიძლება, ვერ არჩევენ ერთმანეთში განკითხვასა და მხილებას: განკითხვა ცოდვა არის, მხილება კი მხილებულის სიყვარულს ნიშნავს და მადლის ქმნაა იმიტომ, რომ გეცოდება ის კაცი და გიყვარს, ვინც ცოდავს; ისინიც გიყვარს და გეცოდება, ვისაც ის მცოდველი უბიძგებს და ითრევს ცოდვებში. ჩვენ, ვინც შვილებს ვზრდით, ზოგჯერ მათი ცუდი საქციელისათვის, ცუდი სიტყვა-პასუხისათვის ხომ ვამხელთ, შენიშვნებს ვაძლევთ, ზოგჯერ გავწკეპლავთ კიდეც, მაგრამ ამას ხომ სიძულვილით არ ვაკეთებთ, არამედ სიყვარულისათვის, იმისათვის, რომ კარგები გაიზარდონ, ღვთისა და ადამიანის მოყვარენი. მოციქული პავლე ასე გვავალებს ცოდვაში მყოფთა მხილებას: „იქადაგე სიტყვა...…ამხილე, შერისხე და შეაგონე...“ (II ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ: 4, 2).

იუდა, სანამ ქრისტეს ერთგული იყო, ღვთის მადლით სასწაულებს ახდენდა, ხოლო როდესაც ქრისტე გაყიდა, ღვთიური მადლი დაკარგა, სული კი ეშმაკებს მისცა, თავი დაიხრჩო. ასევე, სასულიერო პირი, რომელიც უარყოფს ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენას, კარგავს საღმრთო მადლს. ამიტომ, ის აღარ ითვლება კანონიერ მღვდელმსახურად.