lauantai 8. syyskuuta 2007

გლდანის ეკლესიის სატანური დარბევა

მოგმართავთ გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრავალტანჯული მრევლის სახელით დარბეული ეკლესიიდან და იმას, რა უბედურებაც ჩვენს ეპარქიაში 2004 წლის 12 მარტს, გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ალბათ კაცობრიობის ისტორიაში პრეცენდენტი არ გააჩნია. ალყა შემოარტყეს ეკლესიას, ფარებითა და ჩაფხუტებით აღჭურვილი ჟანდარმერიის ჯარებით და კბილებამდე შეიარაღებული შავნიღბიანი სპეც. დანიშნულების ბატალიონებით; გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა - სამხედრო მანქანები. ამ მანქანებით გადმოთელეს ტაძრის ღობეები და პირდაპირ მრევლზე გამოეშურნენ გადასათელად, მათ უკან ფარებითა და ჩაფხუტებით გამოჰყვნენ ჯარისკაცთა რიგები. ასევე ტაძრის სხვადასხვა კუთხიდან შემოიჭრნენ შავნიღბოსანთა ბატალიონები. დაიწყო მრევლის სასტიკი დარბევა. ისინი თავიანთ გზაზე არ ინდობდნენ არავის. არც ქალებს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს, მაგრამ მამაცმა ქრისტიანმა, დიდებულმა კრებულმა, სამჯერ თავგანწირვით მოიგერია მტარვალთა შემოტევა, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებულ ჯარებთან ვერას გახდა.

მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარებისაკენ დაიხია და მკერდი მიუშვირეს სიკვდილს უფლისათვის და მისთვის თავდადებულ მოძღვართათვის, რომელთაგან მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარებს იცავდა. ტაძრის კარებთან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. მიაყენეს სამხედრო მანქანები და მათით დაიწყეს წმიდა ეკლესიის შენგრევა. ასევე გამოიყენეს შესადუღებელი აპარატი და მისით ცდილობდნენ ცენტრალური კარების გაჭრას. ბოლოს, როგორც იქნა მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითი კარები. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, ხოლო შავნიღბოსანთა ბატალიონი შეიჭრა ტაძარში. მიმდინარეობდა ხალხის არნახული რბევა.

მამა ბასილი ეკლესიაში შეჭრილ ეშმაკთა ლეგიონს ამბიონზე მთავარანგელოზ მიქაელის ხატით გულში ჩახუტებული დახვდა. ნიღბოსნებმა იგი ცემით დაბლა დასცეს და წიხლებით გაათრიეს გარეთ, შემდეგ კი ცემითვე მანქანაში შეიყვანეს და გაიტაცეს. ასევე მამა გაბრიელი, რომელიც წმიდა საკურთხეველში ტრაპეზთან იდგა და ლოცულობდა, ცემით წააქციეს და ისიც პატიმრობაში აიყვანეს. საჯარისო ნაწილებით ეკლესიის შტურმით აღების ოპერაციას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, გენ. პროკურორთან და უშიშროების მინისტრთან ერთად. ისინი მოქმედებდნენ საქართველოს დღევანდელი ჯალათი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო მითითებით და მეთვალყურეობით. უსჯულო ჟანდარმერიის ნაწილებმა დარბეული და იავარქმნილი ეკლესია მართლმადიდებელ ქრისტიანთა მწარე გოდების, ტროპართა და საუფლო ლოცვის „მამაო ჩვენო“-ს ცადაწვდენილი მწუხარე ღაღადების ფონზე დატოვეს. ამჟამად, მამა ბასილი ორთაჭალის ციხეში, მე-5 იზოლატორში იმყოფება, ხოლო მამა გაბრიელი და მრევლის ცხრა წარმომადგენელი, მამა ბასილის თავგანწირულად დამცველი მამაკაცები პოლიციის მთავარ სამმართველოში ჰყავთ მიყვანილი. მთელმა საქართველომ ბოლო დღეებში დიდი სასწაულის შესახებ შეიტყო. გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისშობლის ეკლესიაში წმიდა ხატთა დიდი დღესასწაულის დღეს - მართლმადიდებლობის ზეიმზე ანალოგიაზე დაშვენებულ მაცხოვრის ხატს მთელი ლითურგიის განმავლობაში თვალთაგან სდიოდა ცრემლები, ისე რომ დაბლა დადებული თასი ივსებოდა სურნელოვანი ღვთაებრივი სითხით. აი, თურმე რატომ ტიროდა მაცხოვარი. რამდენიმე დღეში შემზარავი დანაშაული უნდა განხორციელებულიყო და ეს უნდა ჩაედინა ანტიმიქაელად საქართველოში მოვლენილ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მალე ღვთის ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი ცოდვის გამო უმკაცრესად დაისჯება ღმერთისაგან. დღეიდან იწყება გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლის სრული მობილიზება და წმიდა აღთქმის ბოლომდე აღსრულება - „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.

ლინკი: იხილეთ ჯალალედინის მემკვიდრეების მხეცობის ამსახველი ვიდეო-რგოლები „დიდგორის“ ვიდეო-პორტალზე